შოთა არველაძემ „ჰალ სიტის“ მიერ გასვლაზე „შეფილდ იუნაიტედთან“ ფრე „ოქროს ქულად“ მონათლა – ქართველმა სპეციალისტმა გასვლაზე ჩატარებული თამაშით კმაყოფილება გამოხატა.
„ჰალ სიტიმ“ ზედიზედ სამი მარცხი შემდეგ სამხრეთ იორკშირში გამართული შეხვედრა 0:0 დაასრულა. „შეფილდ იუნაიტედმა“ ქართველი მწვრთნელის გუნდს ვერაფერი დააკლო და მხოლოდ სამჯერ მოახერხა სტუმართა კარში დარტყმა.
მიუხედავად იმისა, რომ „ჰალ სიტი“, ძირითადად, დაცვაში იჯდა, გუნდამ შექმნა საგოლე მომენტები და მატჩის ბოლოს შეეძლო დაწინაურება, მაგრამ შანსით ვერ ისარგებლა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მნიშვნელოვან თამაშში ქულა მოვიპოვეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ეს ქულა ძალიან რთულ მეტოქესთან გასვლაზე მოვიპოვეთ. გასულ კვირას ძალიან კარგად ვითამაშეთ „ფულემთან“. ახლა კი ძალიან რთულ გასვლით თამაშში ძალიან ძლიერ გუნდს, „შეფილდ იუნაიტედს“ შეხვდით, რომელსაც კარგად შეთამაშებული შემადგენლობა ჰყავს. ისინი დიდი ხანია ერთად არიან, ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ და უგებენ. სწრაფად თამაშობენ და ამიტომ დაცვაში თამაში ადვილი არ იყო. თუმცა, მათ მხოლოდ ორი-სამი კარგი მომენტი ჰქონდათ, რადგან თავს ძალიან კარგად ვიცავდით და ეს მახარებს. ჩვენ უნდა დაგვესაჯა ისინი, როცა 2-3 საგოლე შანსი გვქონდა“, – განაცხადა არველაძემ Hull Live-თან ინტერვიუში.
„ჰალის“ ქართველი მწვრთნელის თქმით, გასვლაზე მოპოვებული ქულა მნიშვნელოვანია: „სამი რთული თამაშის შემდეგ, ეს ჩვენთვის „ოქროს“ ქულა იყო, რომლის მოპოვებაც ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ „ჰალ სიტი“ იძულებული იყო დიდი ხნის განმავლობაში თავი დაეცვა, ძალიან მომეწონა კინ ლუის-პოტერი – მან შეტევაში უდიდესი სამუშაო გასწია. ამავე დროს, დაცვა გასაოცრად მოქმედებდა. სამწუხაროა, რომ კოილი დაშავდა და იძულებული გავხდით, შეგვეცვალა და თამაშში ცვლილებები შეგვეტანა“.