შოთა არველაძეს გუნდიც, საფეხბურთო კლუბი ტაშკენტის ”ფახთაქორი” თურქეთში ემზადება. მას აზერბაიჯანულმა გამოცემა azerisport-მა ინტერვიუ ჩამოართვა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორ აფასებდა არველაძე 2 თებერვალს თურქეთში დაგეგმილ საქართველოსა და აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრებების შანსებს.
”საქართველო ყოველთვის საფეხბურთო ქვეყანა იყო და მომავალშიც ასე იქნება. თუმცა, წარსულში ჩვენ უკეთესი დრო გვქონდა. აზერბაიჯანი კი არასაფეხბურთო ქვეყანად ითვლებოდით. ამ დროს, გასულ წელს ”ყარაბაღმა” ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა. თქვენ კარგი თანხები დააბანდეთ და დიდ ენერგიას ხარჯავთ, რასაც თავისი დივიდენდები მოაქვს. სამწუხაროდ, საქართველოში მსგავსი ფინანსური შესაძლებლობები არაა. მაგრამ საქართველო მაინც უფრო საფეხბურთო ქვეყანაა ვიდრე – აზერბაიჯანი. გასულ შესარჩევ ციკლში საქართველომ ის ფეხბურთი ითამაშა, რომელიც ჩვენ მოგვწონს, მაგრამ ცოტა ქულა დავაგროვეთ. თქვენ ნამდვილ შეხვედრას ოფიციალურ მატჩში იხილავდით. ახლა კი, სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრები მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელებით ითამაშებს” – ამბობს არველაძე.
რამდენად რეალურია, საქართველო ან აზერბაიჯანი ერთა ლიგის გზით ევრო 2020-ზე მოხვდნენ? შოთამ ამაზეც ილაპარაკა: ”ახალი ფორმატი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსს გვიზრდის. თქვენ გუნდს ახლა გურბან გურბანოვი წვრთნის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კი სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ვლადიმირ ვაისი დატოვა. მთლიანობაში, მან შექმნა გუნდი, რომელსაც ფეხბურთის თამაში შეუძლია. სამწუხაროდ, ჩვენ ადრინდელივით ვარსკვლავები არ გვყავს. მაგრამ ახალი ფორმატით საქართველო ევრო 2020-ზე თუ ვერ მოხვდება, ეს ძალიან ცუდი იქნება”.