შოთა არველაძე - როდესაც ლამის ყველა ორთაბრძოლას აგებ, მოგება წარმოუდგენელია #1TVSPORT
შოთა არველაძემ აუტსაიდერ „დერბი ქაუნთთან“ 3:1 წაგების შემდეგ სინანული გამოთქვა და აღიარა, რომ ყველაფერი უფერულად ჩატარებული პირველი ტაიმის შედეგია, რომელიც მისმა გაწვრთნილმა „ჰალ სიტიმ“ სუსტად ჩაატარა.
„მიჭირს იმის ახსნა, თუ რატომ ვიყავით ასე სუსტები ისეთ საკითხებში, რაშიც ნამდვილად კარგად ვართ. თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ ვერ გავიტანეთ, გაშვებული გოლის შემდეგ კი ბურთს ვერ ვაკონტროლებდით და ხშირად ვკარგავდით. ყოველი მეორე ბურთი, ყოველი ბრძოლა, ყოველი მოხსნა „დერბის“ სასარგებლოდ დასრულდა – ასე თამაში რთულია. როდესაც მათ მეორე გოლი გაიტანეს, ბურთი ჩვენი მცველებისა და მეკარის თვალწინ დახტუნავდა, ეს სამეული კი თავდამსხმელს ხელს კი არ უშლიდა, არამედ უყურებდა, როგორ გაჰქონდა. ჩვენ გუნდურად კარგად გამოვიყურებით – ეს ვთქვი ადრეც. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ წინსვლისთვის, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, როდესაც გოლებს ასე მარტივად ვუშვებთ“, – თქვა არველაძემ.
„ჰალ სიტის“ განსაკუთრებული პრობლემები მარცხენა ფლანგზე მოთამაშე ებოსელემ შეუქმნა და არველაძემ პრესკონფერენციაზე ამასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რატომ არ შეცვალა სისტემა:
„შესვენებაზე სისტემის შეცვლას შეეძლო ის გამოეწვია, რომ უფრო დაუცველი ვიქნებოდით. ჩვენ ბევრი რამ არ შეგვიცვლია, რადგან რეალურად თამაში წავაგეთ არა სათამაშო სქემის, არამედ, სხვა მიზეზით. ლამის ყველა ორთაბრძოლა წავაგეთ, თამაშს გამოვეთიშეთ და ასე მოგება წარმოუდგენელია. მე შემეძლო მხოლოდ თავდამსხმელები შემეცვალა და არა – მცველები და ამიტომ სისტემა არ შევცვალე“.
„ჰალის“ ქართველმა ბოსმა აღიარა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში გულწრფელი საუბარი ჰქონდა მოთამაშეებთან:
„ფეხბურთელები ერთმანეთს კითხვებს უსვამდნენ, თუ რატომ იყვნენ ასე დაბალ დონეზე, მაგრამ სამწუხაროდ, ვითარება ვერც მეორე ტაიმში შევცვალეთ და დავმარცხდით“.