შოთა არველაძე - მიქაუტაძე „გოლების მანქანაა“, ის ლუის სუარესს ჰგავს #1TVSPORT
შოთა არველაძე ფიქრობს, რომ „აიაქსმა“ გიორგი მიქაუტაძის დამატებით შესანიშნავი არჩევანი გააკეთა. შოთა კარგად იცნობს 22 წლის თანამემამულეს და მისგან ამსტერდამში დიდ წარმატებებს ელის – ამის შესახებ „აიაქსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა გამოცემა „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„აიაქსს“ ხელში ოქრო ჩაუვარდა, ის ლუის სუარესს ჰგავს
შოთა არველაძე „აიაქსში“ 1997 წლიდან 2001 წლამდე თამაშობდა, რომლის შემადგენლობაში 96 მატჩში 55 გოლი გაიტანა.
„გიორგი მიქაუტაძის ყველაზე დიდი ღირსება გოლის გატანაა. ვფიქრობ, რომ ის „გოლების მანქანაა“. სტატისტიკა არასოდეს ტყუის. ის საჯარიმოში ყოველთვის სახიფათოა და ცდილობს, ბურთის გასატანად უსწრაფესი გზა იპოვოს. ამიტომაც თითქმის ყველა თამაშში გააქვს“, – ამბობს არველაძე.
არველაძე თანამემამულეს „აიაქსის“ ყოფილ ფეხბურთელს, ლუის სუარესს ადარებს, რომელიც ამსტერდამულ კლუბში ასევე ახალგაზრდა ასაკში გადავიდა.
„მიქაუტაძე ჭკვიანი მოთამაშეა. „აიაქსს“ გოლები სჭირდება, მას კი გატანა შეუძლია, ამ მხრივ ლუის სუარესს ჰგავს. ყველამ იცის, რამდენად კარგად ერგებოდა ურუგვაელი „აიაქსს“. აუცილებლად გამოვნახავ დროს და მიქაუტაძის თამაშის სანახავად ამსტერდამში ჩავალ“, – ამბობს შოთა არველაძე.
გავრცელებული ინფორმაციით, „აიაქსს“ მიქაუტაძის ტრანსფერი დაახლოებით ოცი მილიონი ევრო დაუჯდა. სატრანსფერო ღირებულება მოსალოდნელზე მაღალია, მაგრამ არველაძეს მიაჩნია, რომ კლუბი ამ თანხას ამოიღებს: „გოლის გამტანი მოთამაშეები ყოველთვის ძვირია. გიორგი კი ამტკიცებს, რომ ამდენი ღირს. მას ახალ გარემოსთან შეგუება დასჭირდება, თავიდან მასზე გარკვეული ზეწოლა იქნება, მაგრამ მჯერა, ის ამ ბარიერს წარმატებით დაძლევს, გოლების გატანა რომ შეუძლია, ეს არაერთხელ დაამტკიცა“.