ფრანგულმა გამოცემა maxifoot.fr-მ XXI საუკუნის საუკეთესო 50 გოლეადორი დაასახელა.
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან ერთად, ყველაზე შედეგიანი შემტევების სიაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, შოთა არველაძე მოხვდა.
ფრანგული გამოცემის თანახმად, კარიერის განმავლობაში გატანილი 343 გოლით, შოთა არველაძე საუკუნის საუკეთესო 50 შემტევში, 30-ე ადგილზეა და ისეთ სახელოვან ფეხბურთელებს უსწრებს, როგორებიც არიან რონალდინიო, ფილიპო ინძაგი, გონსალო იგუაინი, კარიმ ბენზემა, ალესანდრო დელ პეირო და სხვა მსოფლიო დონის ფეხბურთელები.
TOP 50-ში ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებსაც 2000 წლის შემდეგ ერთ სეზონში მაინც უთამაშიათ და კარიერის მინიმუმ 40 პროცენტი ევროპაში გაატარეს. ამავდროულად, სათვალავში მხოლოდ კლუბის პირველ შემადგენლობასა და ეროვნული ნაკრების რიგებში გატანილი გოლებია.
ფრანგული გამოცემის რეიტინგში პირველ ადგილზე 725 გოლით კრიშტიანო რონალდოა, 697 გოლით მეორე პოზიციაზე ლიონელ მესი, ხოლო მესამე ადგილს 540 გოლით ზლატან იბრაჰიმოვიჩი იკავებს.