შოთა არველაძე „აიაქსს“ მიმართავს - უფრთხილდით კვარაცხელიას, ის ნამდვილი „კილერია“ #1TVSPORT
„აიაქსი“ დღეს საღამოს ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლის“ წინააღმდეგ ითამაშებს. მეტოქე ფეხბურთელებს შორის ნიდერლანდელების განსაკუთრებულ ყურადღებას 21 წლის ხვიჩა კვარაცხელია იქცევს, ამიტომ შოთა არველაძე თავის ყოფილ კლუბს აფრთხილებს.
„აიაქსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა იცის, რომ კვარაცხელიას ამსტერდამში მოხვედრა შეეძლო. ამის შესახებ გამოცემა De Telegraaf-თან განაცხადა.
„ის „აიაქსს“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესთავაზეს, მაგრამ გუნდს მოსაფიქრებლად ძალიან ცოტა დრო ჰქონდა, ხოლო (ყაზანის „რუბინის“) მოთხოვნილი 15 მილიონი ევრო ძალიან მაღალი ფასი იყო. რუსეთში კი კვარაცხელიას კარგი სტატისტიკა არ ჰქონდა. „აიაქსს“ 9-12 მილიონის გადახდა სურდა. საბოლოოდ, „ნაპოლიმ“ ის 10 მილიონ ევროდ იყიდა. ზოგჯერ ასეც ხდება“, – ამბობს არველაძე.
შოთა არველაძე „ნაპოლის“ ქართველ ლეგიონერს საშიშ თავდამსხმელს უწოდებს:
„ხვიჩას კლასი აქვს. ის არის მაღალი, ძლიერი, ორივე ფეხს თამაშობს და ძალიან საშიშია. მიმაჩნია, რომ ის განსაკუთრებულად კარგად მუშაობს როგორც პატარა, ისე დიდ სივრცეებში. მოედანზე მისი ყველა გადაწყვეტილება კარგია. არ მახსოვს ერთი არასწორი არჩევანიც კი. კვარაცხელია თამაშს კითხულობს და ნამდვილი „კილერია“. ის ბურთიანად მოდის და გზაზე ყველას ანადგურებს. „აიაქსის“ მცველები უნდა შეეცადონ, რომ კვარაცხელიამ ბურთი არ მიიღოს და ერთი ერთზე არ წავიდეს“.