შონ ო'მალიმ ალჯამეინ სტერლინგი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
ბოსტონში UFC-ის მორიგი ღონისძიება გაიმართა, სადაც სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის ბრძოლაში შონ ო’მალიმ ჩემპიონი ალჯამეინ სტერლინგი დაამარცხა.
28 წლის ო’მალი სუპერმსუბუქი წონის კონტენდერთა სიაში მეორე ნომერი იყო, მის წინ რეიტინგში ადგილს მერაბ დვალიშვილი იკავებდა. რაც შეეხება სტერლინგს, 34 წლის მებრძოლისთვის ეს საჩემპიონო ქამრის ზედიზედ მეოთხე დაცვა გახლდათ.
ჩხუბის პირველი რაუნდი თანაბარი გამოვიდა, მებრძოლები სიფრთხილეს იჩენდნენ. მეორე რაუნდის დასაწყისში სტერლინგმა შეტევა სცადა, ო’მალიმ ის კონტრშეტევაზე დაიჭირა, ნოკდაუნი მიითვალა და შემდეგ მიწაზე დარტყმებით ბრძოლის დასრულება შეძლო.
შედეგად, სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი შონ ო’მალია, რომელმაც დაპირისპირების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დეკემბერში მარლონ ვერასთან შეეცდება ქამრის დაცვას.
აქამდე არსებული ინფორმაციით, ალჯამეინ სტერლინგი ამ ჩხუბის მერე უფრო მძიმე წონაში აპირებდა გადასვლას, რაც მის მეგობარს, მერაბ დვალიშვილს ჩემპიონობისთვის ბრძოლისკენ გზას გაუხსნიდა, თუმცა, ამერიკელი მებრძოლის განცხადებით, ის ახლა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით დაფიქრდება.