შირერი: „ნეიმარ, შეწყვიტე ეს! უკვე ყელში ამოვიდა!“
შირერი: „ნეიმარ, შეწყვიტე ეს! უკვე ყელში ამოვიდა!“

ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარ ჟუნიორი კვლავ კრიტიკის ქარცეცხლში ექცევა და ამჯერად ამის მიზეზი გუშინდელ მატჩში მომხდარი ინციდენტი გახდა: მეორე ტაიმში, როდესაც ბრაზილია მექსიკას 1-0 უგებდა, ერთ-ერთმა მექსიკელმა ფეხბურთელმა წაქცეულ ნეიმარს ფეხი ტერფზე დააბიჯა, რასაც ბრაზილიელის გადაჭარბებული რეაქცია მოჰყვა და მაყურებელს შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს ფეხბურთელმა ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ ფაქტს გამოეხმაურა, წარსულში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი, ალან შირერი გახდა. სოციალურ ქსელში მან შემდეგი ტექსტით მიმართა ბრაზილიელ ვარსკვლავს: ‘შეწყვიტე ეს. უკვე ყელში ამოვიდა’. მოგვიანებით მან დამატებითი კომენტარიც გააკეთა: ‘ეჭვი არ არის, რომ ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ გული აგერევა ადამიანს, ასე როდესაც სიმულანტობს’, – განაცხადა შირერმა.

ნეიმარის ზემოთნახსენებ ქმედებას მექსიკის ნაკრების მწვრთნელიც შეეხო. ხუან კარლოს ოსორიოს თქმით, ბრაზილიელი ვარსკვლავის საქციელმა თითქმის ოთხი წუთი დააკარგინა მის გუნდს, რაც სრულიად დაუშვებელია.

„ფეხბურთი ვაჟკაცების სპორტი უნდა იყოს და არა ასეთი ჯამბაზების. რა მაგალითს ვაძლევთ ბავშვებს, რომლებიც გვიყურებენ?“, – განაცხადა ოსორიომ.

წარსულში ცმობილმა დანიელმა მეკარემ, პეტერ შმაიხელმა კი ფიფას მოუწოდა, კარგად გააანალიზოს მსგავსი მომენტები და ზომები მიიღოს მათ აღმოსაფხვრელად.

„ახლა უკვე ვიდეოგამეორება გვაქვს და მსგავსი სიმულაციები ყურადღების გარეშე არ უნდა რჩებოდეს. ნეიმარს რომ ვუყურებდი, ერთადერთი ფრაზა მომდიოდა თავში: „რა სამწუხაროა“. ვერ ვიჯერებ, რომ ამ საქციელის მერე ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს“, – განაცხადა შმაიხელმა.

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში ბრაზილიამ მექსიკა 2-0 დაამარცხა, ნეიმარი კი, რომელმაც გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!