ლაშა შინდაგორიძე კარიერას უნგრეთის უმაღლესი ლიგის “ბალმაზუივაროშში” გააგრძელებს, სადაც ბაჩანა არაბული თამაშობს. 24 წლის ნახევარმცველი “საბურთალოს” დღეს დაემშვიდობა და უნგრეთში დღესვე გაფრინდება.
შინდაგორიძემ იანვრის დასაწყისში “საბურთალოსთან” ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, თუმცა მისით უნგრული კლუბი დაინტერესდა, თბილისურმა კლუბმა კი ხელი არ შეუშალა.
შემტევი ნახევარმცველი “საბურთალოს” ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელმაც გასულ სეზონში 36 თამაშში ჩაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო.
“ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. “საბურთალოში” დარჩენა გადაწყვეტილი მქონდა, მაგრამ გამოჩნდა უკეთესი ვარიანტი და თბილისური კლუბის ხელმძღვანელებმაც შემიწყეს ხელი. “ბალმაზუივაროშში” ბაჩანა არაბული თამაშობს. ველაპარაკე, უნგრულ კლუბზე ბევრი შვეიტყვე და წასვლა გადავწყვიტე. “საბურთალოში” ერთი წელი ვითამაშე. თავდაპირველად, არ ვიყავი ფორმაში, მაგრამ გიორგი ჭიაბრიშვილი და სამწვრთნელო შტაბი მენდო და მთელი სეზონის განმავლობაში სისტემატურად ვთამაშობდი. სწორედ, მათი დამსახურებაა, რწმენა რომ დამიბრუნდა და ჩემით უცხოური კლუბი დაინტერესდა. რა თქმა უნდა, ვრჩები “საბურთალოს” გულშემატკივრად – მინდა, კლუბს წარმატებები და დიდი გამარჯვებები ვუსურვო” – ამბობს შინდაგორიძე.