შევთამაშდებით და მალე ძლიერი გუნდი გვეყოლება - „ტორპედოს“ ახალწვეულებმა თურქული შეკრება შეაფასეს #1TVSPORT
შევთამაშდებით და მალე ძლიერი გუნდი გვეყოლება - „ტორპედოს“ ახალწვეულებმა თურქული შეკრება შეაფასეს #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ თურქული შეკრება დაასრულა, სადაც ერთადერთი საკონტროლო შეხვედრა ჩერნოგორიულრუდართან“ გამართა და დამარცხდა – 1:2.

ქუთაისელთა ახალწვეულებმა განვლილი შეკრება და საკონტროლო შეხვედრა შეაფასეს.

„ჩემი დებიუტი „ტორპედოში“ „რუდართან“ მატჩში შედგა – თამაში მძიმედ დავიწყე იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე დღე ავად ვიყავი. ახალი გუნდი ვართ, შეთამაშება გვჭირდება და ამიტომ გუნდი ჯერ 100 პროცენტით შესაძლებლობებს ვერ აჩვენებს. იმედი მაქვს, რომ შევთამაშდებით და მალე ძლიერი გუნდი ვიქნებით“, – ამბობს „ლოკომოტივიდან“ გადასული ცენტრალური მცველი ნიკა სანდოხაძე.

„სამტრედიას“ ყოფილი ნახევარმცველი გია მანჯგალაძე იმედოვნებს, რომ გუნდი მალე შეთამაშდება:

„შეკრებაზე პირველი შეხვედრა ყოველთვის რთულია. სამკვირიანი მძიმე დატვირთვების ფონზე ვითამაშეთ. წავაგეთ, რაც კარგი არაა. მიუხედავად ამისა, ჩვენს თამაშს მაინც დადებითად შევაფასებ, რადგან იყო ელემენტები, რაც სასიხარულო და მნიშვნელოვანია. სამუშაო ბევრია და ყველაფერი წინაა. მოხარული ვარ, რომ „ტორპედოში“ ჩემი დებიუტი შედგა, მაგრამ ოფიციალურ მატჩებს მოუთმენლად ველოდები. ბევრი კარგი მოთამაშე გვყავს და მთავარია, გუნდი დროზე შეიკრას“.

ქუთაისის „ტორპედოს“ ფიზმომზადების მწვრთნელმა თემურ ლორთქიფანიძემ განვლილი სამწვრთნელო პროცესი შეაფასა, რომელიც ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას დაეთმო და შეკრების მეორე ნაწილის გეგმებზეც ისაუბრა:

„შეკრება ნაყოფიერი გამოდგა, ფიზიკური მონაცემებით ბიჭებიც და მეც კმაყოფილები ვართ. სისხარტესა და სისწრაფეებზე ჯერ სამუშაო გვაქვს. მეორე შეკრებაზე ძირითადი აქცენტი რგოლებსა და ჯგუფებს შორის ვარჯიშებზე გაკეთდება“.

გია ცეცაძის გუნდმა პირველი მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა. ფეხბურთელები 3 დღე დაისვენებენ, ხოლო მეორე მოსამზადებელ ეტაპს 2 თებერვალს დაიწყებენ. მომდევნო ამხანაგურ მატჩს „ტორპედო“ 5 თებერვალს გამართავს, ქუთაისური გუნდი სერბულ „ნაპრედაკს“ დაუპირისპირდება, რომელიც თუქრულ შეკრებაზე „დინამო თბილისს“ დაუზავდა 1:1.