შევიდა, გაატანინა, გაამწვავა - ოგბაიძემ ბერლინელებს „დორტმუნდთან“ მოაგებინა #1TVSPORT
შევიდა, გაატანინა, გაამწვავა - ოგბაიძემ ბერლინელებს „დორტმუნდთან“ მოაგებინა #1TVSPORT

გერმანიის მესამე ბუინდესლიგაში შაკო ოგბაიძეს ბერლინის „ვიქტორიაში“ ცოტა სათამაშო დრო მიეცა, მაგრამ 19 წლის ქართველმა თავდამსხმელმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა.

მე-14 ტურის შეხვედრაში ბერლინელები „ფრიდრიხ-ლუდვიგ-იან-სპორტპარკზე“ „დორტმუნდის“ სარეზერვო გუნდს დაუპირისპირდნენ და მეტოქე მხოლოდ ბოლო წუთებზე დაამარცხეს, რაშიც თავისი წვლილი ქართველმა თავდამსხმელმა შეიტანა.

შაკო ოგბაიძე მოედანზე მხოლოდ 85-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. 19 წლის თავდამსხმელმა ბურთთან პირველივე შეხებისთანავე კარის წინ გახსნილი ბრაზილიელი ლუკას ფალკაო შენიშნა, რომელმაც დორტმუნდელების კარი აიღო და გუნდი დააწინაურა.

ოგბაიძემ ამის შემდეგ თამაში მშვენიერი გადაცემით გაამწვავა და საჯარიმოში შეტევა ისევ ფალკაოს გაუგრძელა, რომელმაც ამჯერად კარს ააცილა. 19 წლის ქართველი ისეთი მონდომებით თამაშობდა, 90+1-ე წუთზე მეტოქეს შეტევის განვითარების საშუალება არ მისცა და ყვითელი ბარათიც მიიღო.

ოგბაიძის გუნდი მესამე ბუნდესლიგაში წელს გადმოვიდა, მაგრამ სადებიუტო სეზონში წარმატებით თამაშობს და 21 ქულით მე-4 ადგილზეა, მეორე-მესამეადგილოსნებს, „ვალდჰოფს“ და ბრაუნშვაიგისაინტრახს“ კი მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

რაც შეეხება შაკო ოგბაიძეს, მან გუნდში მესამე თამაში ჩაატარა, სამივე შეცვლაზე და თავი მეორე საგოლე გადაცემით გამოიჩინა.