შევიდა და გაიტანა - შენგელიამ ბელგიაში დებიუტი გოლით აღნიშნა [ვიდეო] #1TVSPORT
ლევან შენგელიამ ახალ კლუბში, ბელგიურ „ლევენში“ თავის გამოჩენა სადებიუტო მატჩში მოახერხა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის კლუბმა საშინაო არენაზე ბელგიის ჯუპილერ ლიგის ლიდერს, „ეუპენს“ მე-5 ტურში უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.
ლევან შენგელია „ლევენის“ სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში უკვე 0:3 იყო. „ეუპენმა“ კიდევ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ 83-ე წუთზე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ფლანგური გადაცემა ეფექტური გოლით დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქისრა – 1:4 სტუმართა სასარგებლოდ.
5 ტურის შემდეგ, 18-გუნდიან ბელგიის ჩემპიონატში ქართველის ახალმა გუნდმა „ლევენმა“ მხოლოდ 3 ქულა დააგროვა და ბოლოდან მეორე ადგილზეა. მაგრამ ერთი მოგებით მე-9 ადგილოსან „სერენს“ შეიძლება დაეწიოს, სადაც გასულ სეზონში გიორგი მიქაუტაძე თამაშობდა.
ლევან შენგელია ბელგიის მთავარი ლიგის გუნდში ერთი კვირის წინ ჩაირიცხა. მისი ბოლო კლუბი თურქეთის სუპერლიგის „კონიასპორი“ იყო.