შევჩენკომ ემოციები ვერ შეიკავა - არ მგონია, რუსეთთან ოდესმე ძველი ურთიერთობა აღდგეს #1TVSPORT
უკრაინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო მსოფლიოში მოგზაურობს და სხვადასხვა ქვეყნის მედიასთან საკუთარ სამშობლოში რუსეთის აგრესიით გამოწვეულ შემზარავ ტრაგედიაზე საუბრობს. უკრაინული ფეხბურთის ლეგენდას ინტერვიუ ამჯერად „ლივერპულის“ ლეგენდამ, ჯეიმი რედნაპმა DailyMail-ისთვის ჩამოართვა:
„მეძინა. დამირეკეს. დედაჩემი იყო. მან… (შევჩენკოს მოუწია საუბრის შეწყვეტა ემოციებთან გამკლავებისთვის) ბოდიში… ადვილი არ არის… მითხრა, რომ ომი დაიწყო. ვერ ვიჯერებდით, რომ რუსეთი ამ ნაბიჯს გადადგამდა და ომს დაიწყებდა. ხალხი გრძნობს ყოველ ბომბს, რომელიც მიწაზე ეცემა, რადგან სახლი ირხევა. აი, რა არის ახლა ომი. რუსები ქალაქს ალყას არტყამენ და ბომბავენ. ისინი არ ჩერდებიან. ეს დაუნდობელი საქციელია. ეს არ აძლევს უკრაინელ ხალხს შანსს, ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნას. დედაჩემი იქ არის, ჩემი და, ბიძა, დეიდა, ბიძაშვილი. ჩემი მეგობრები ფრონტის ხაზზე არიან. ისინი იბრძვიან ჩვენი ქვეყნისთვის, თავისუფლებისთვის, არჩევანისთვის, ჩვენი სიამაყისთვის. ჩვენ ვიცავთ, ვიბრძვით – ვალდებულები ვართ, რადგან სხვა არჩევანი არ გვაქვს“, – ამბობს შევჩენკო.
უკრაინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ რუსებთან მეგობრობაზე უკვე ლაპარაკიც აღარ შეიძლება:
„თავდაპირველად ვამბობდი, რომ არ მჯეროდა, ეს თუ შეიძლებოდა მომხდარიყო. ჩვენ რუსეთთან დიდი ხნის ურთიერთობა გვქონდა და არ მგონია, რომ ოდესმე ძველებური ურთიერთობა აღდგენა. თუმცა ისიც ვიცი, რომ ბევრი რუსია, ვისაც ომის შეჩერება სურს. ჩემი მესიჯი ყოველთვის ერთია: „გადი გარეთ“. ვიცი, რომ ადვილი არ არის. რუსეთი არ არის უსაფრთხო, მაგრამ ომის შეჩერების ერთადერთი გზა სიმართლის თქმაა. რუსეთში უმეტესობამ კი სიმართლე არ იცის. ზეწოლა უნდა მოვახდინოთ. რუსეთის პრეზიდენტმა – მისი სახელის ხსენებაც არ მინდა – თქვა, რომ ეს იყო „სპეციალური ოპერაცია“. ეს არ არის სპეცოპერაცია. ეს არის უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა. ესაა ალყაში მოქცეული ხალხი – ესაა დაბომბილი ქალაქები“, – განაცხადა შევჩენკომ DailyMail-სთან ინტერვიუში.