უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო იტალიაში იმყოფება. ის პირადად აპირებს დაესწროს ჩემპიონთა ლიგის მატჩს „ატალანტასა“ და „შახტარს“ შორის, რომელსაც მილანი უმასპინძლებს.
როგორც გამოცემა „ლა გაზეტა დელო სპორტი“ (La Gazzetta dello Sport) წერს, ჩემპიონთა ლიგის მატჩზე დასწრება შევჩენკოს მილანში ვიზიტის ერთადერთი მიზეზი არ არის. ლეგენდარული ფორვარდი უნდა შეხვდეს „მილანის“ ხელმძღვანელებს – პაოლო მალდინისა და ზვონიმირ ბობანს.
ვარაუდობენ, რომ ამ შეხვედრაზე მხარეებმა უნდა განიხილონ შევჩენკოს შესაძლო დანიშვნა „მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე, რადგან ამჟამინდელი დამრიგებლის, მარკო ჯამპაოლოს ხელმძღვანელობით კლუბი ძალიან ცუდ შედეგებს აჩვენებს.
ადრე პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ შევჩენკომ შესაძლოა ჩაიბაროს „მილანი“, თუ ჯამპაოლო ვერ გამოასწორებს გუნდში სიტუაციას ერთი კვირის განმავლობაში.