გადაწყდა – მიმდინარე სეზონში „შევარდენი 1906“-ს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და „შევარდენის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ნემსაძე უხელმძღვანელებს. ინფორმაცია პირველ არხს კლუბში დაუდასტურეს.
„იუნკერებში“ აზიელი ინვესტორების შემოსვლა ჩაიშალა. შედეგად მათ მიერ ჩამოყვანილმა მთავარმა მწვრთნელმა სერგეი ბულატოვმა და ფეხბურთელებმა გუნდი დატოვეს.
გიორგი ნემსაძეს საფეხბურთო კარიერის მანძილზე „დინამოში“, „იბერიაში“, „გურიაში“, „შევარდენში“, „ჰამბურგში“, „ტრაბზონსპორში“, „გრასჰოპერსში“, „რეჯიანაში“ და „დანდიში“ უთამაშია. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ნემსაძე თბილისის „დინამო“ სპორტული დირექტორის პოსტზე დაინიშნა. სამწვრთნელო კარიერის დასაწყისში ჯერ საქართველოს 17 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად, შემდეგ კი მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.
„ახალდაკომპლექტებული გუნდი ვართ და მიზეზთა გამო სრულფასოვანი შეკრების გავლა ვერ მოვახერხეთ. ამიტომ არ მინდა თამამი განცხადებები გავაკეთო, მაგრამ მიმდინარე სეზონში ყველა იმ თამაშის მოგებას ვგეგმავთ, რომელშიც მონაწილეობა უნდა მივიღოთ. შეიძლება ეს რთული შესასრულებელია, მაგრამ გუნდს მოედანზე გასვლის წინ სხვა მიზანი არ უნდა ჰქონდეს. ჩვენთვის არ ექნება მნიშვნელობა ვინ იქნება ჩვენი მეტოქე, დარწმუნებული ვარ, რომ თამაში ყველასთან შეიძლება. ეს შარშანდელმა წელმაც გვაჩვენა – უკეთესი შედეგის დაფიქსირება თავდაუზოგავი შრომით ნამდვილად შესაძლებელია“ – ამბობს გიორგი ნემსაძე.
„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2“-ის პირველ ტურში „შევარდენი 1906“ ხვალ „ცხინვალს“ შეხვდება. ნემსაძემ სადებიუტო შეხვედრაზეც ილაპარაკა:
„ცხინვალის“ სახით ხვალ გამოცდილი მეტოქე გვყავს. კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. სადებიუტო თამაში ყოველთვის რთულია და მნიშვნელობა არ აქვს ვინ ვის ეთამაშება. ორივე გუნდი მოსაგებად იბრძოლებს, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ხვალ მოედანი თავაწეულებმა დავტოვოთ და ჩვენი გულშემატკივარი გამარჯვებით გავახაროთ. სასტარტო თამაშის სასურველი შედეგით დასრულება სამომავლო გეგმებს უფრო მეტად გაგვიადვილებს“ – ამბობს „შევარდენი 1906“-ის ახალი მთავარი მწვრთნელი.