შეთანხმება მიღწეულია - გორის „დილას“ არგენტინელი ევერ ადრიანო დემალდე გაწვრთნის #1TVSPORT
შეთანხმება მიღწეულია - გორის „დილას“ არგენტინელი ევერ ადრიანო დემალდე გაწვრთნის #1TVSPORT

ევერ ადრიანო დემალდემ და გორის „დილამ“ შეთანხმებას მიაღწიეს. არგენტინელი სპეციალისტი ქართული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება, – ინფორმაცია ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი.

მოლაპარაკება კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის საერთაშორისო ასოციაციის, „არგენტინის სახლი საქართველოში“ დამფუძნებლისა და არგენტინის სამენეჯერო სააგენტოს, B.S.C-ის წარმომადგენლის, ნიკოლოზ პატარქალიშვილის ინიციატივით დაიწყო და წარმატებით დასრულდა.

მისი თქმით, ევერ დემალდეს გორის „დილაში“ ასევე არგენტინელი მწვრთნელი დაეხმარება, მაგრამ არა ფედერიკო ვალე (რაც წინასწარ ითქვა), არამედ დანიელ პაპალარდო. მათი მოწვევის საკითხი გადაწყვეტილია, გუნდი სამხრეთამერიკელ სპეციალისტებს ელოდება. სავარაუდოდ, დემალდე და პაპალარდო საქართველოში ბუენოს აირესიდან შაბათს ან კვირას გამოფრინდებიან.

36 წლის ევერ ადრიანო დევალდემ სამწვრთნელო კარიერა მარსელო ბიელსას ასისტენტად (2014-2015) მარსელის „ოლიმპიკში“ დაიწყო. 2015-2017 წლებში საუდის არაბეთის ნაკრებში ნიდერლანდელ ბერტ ვან მარვეიკს ეხმარებოდა. ასევე უმუშავია არგენტინულ „გოდოი კრუზსა“ და „არგენტინოს ხუნიორსში“, არაბთა გაერთიანებული ემირატების „ალ ჰილალში“, არგენტინულ „ხიმნასია ტიროში“ და „ინდეპენდიენტე რივადავიაში“.