ლევან შენგელიამ ბელგიის ჩემპიონატში ზედიზედ მეორედ მოახერხა თავის გამოჩენა და ახალ კლუბს ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
ბელგიის ჩემპიონატის მე-6 ტურის შეხვედრაში ქართველი თავდამსხმელის გუნდი „ლეუვენი“ მოქმედ ვიცე-ჩემპიონს და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასულ „ანტვერპს“ ესტუმრა და მეტოქეს გამარჯვება ხელიდან გამოგლიჯა.
თამაში „ანტვერპმა“ დამაჯერებლად დაიწყო და შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. მეტიუ მარტენსის (38) ავტოგოლის შემდეგ „ლეუვენის“ კარი მიხაილ ფრაიმ(45+2) აიღო.
მეორე ტაიმის დასაწყისში „ლეუვენმა“ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა – მასპინძელთა კარი ჩენკ ოზკაჩარმა (55-ე წუთი) აიღო. ლევან შენგელია მოედანზე ამის შემდეგ, 74-ე წუთზე გამოჩნდა, ორ წუთში ანგარიში გაათანაბრა და საბოლოოდ, „ლეუვენს“ ქულა მოუტანა.
საქართველოს ნაკრების შემტევი „ლეუვენში“ მცირე ხნის წინ ჩაირიცხა, მისი ფორმით ორჯერ ითამაშა, ორივეჯერ შეცვლაზე, მაგრამ 36 წუთში ორი გოლი გაიტანა.