შესაძლოა, თბილისის „დინამოდან” ესპანელი მეკარეც წავიდეს
შესაძლოა, თბილისის „დინამოდან” ესპანელი მეკარეც წავიდეს

ჩისკო მუნიოსს და ფელის ვისენტეს შემდეგ, დიდი ალბათობით, თბილისის „დინამოს” ესპანელი მეკარე ხოსე პერალესიც დატოვებს.

ფეხბურთელმა თავად დაადასტურა, რომ თბილისურ კლუბს ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება. 26 წლის მეკარემ „დინამოში” შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, გუნდის ფორმა 35-ჯერ მოირგო და ბათუმის „დინამოს” მეკარე მიხეილ ალავიძეს მსგავსად, ყველაზე ნაკლები, 31 გოლი გაუშვა. ამავე დროს, ესპანელმა გოლკიპერმა 15 მატჩი უგოლოდ ჩაატარა და თბილისური გუნდის გაჩემპიონებაში დიდი როლი ითამაშა. პერალესი ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა მეოთხე წრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა.

თბილისის „დინამოში“ ესპანელი მეკარე იანვარში ჩაირიცხა. ხოსე პერალესმა კარიერა „ელჩეში“ დაიწყო, შემდეგ „კონსტანცასა“ და „ატლეტიკო ბალეარესში“ გამოდიოდა. ასევე იცავდა „ბინისალემის“, „პობლა დე მაფუმეტისა“ და „ბადალონას“ ღირსებას.

მაგრამ სეოზონის დასრულებასთან ერთად, ხოსე პერალესს თბილისი „დინამოსთან” ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოეწურა, ახალ კონტრაქტზე კი კლუბთან მოლაპარაკება აღარ გაგრძელებულა.

ბოლო ცნობებით, თბილისის „დინამო“ კიდევ ორმა მოთამაშემ დატოვა – გუნდის კაპიტანმა, გუჯა რუხაიამ და უკრაინელმა ლეგიონერმა, მიხაილო შიშკამ.