შესაძლოა, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სეზონი ორლანდოში, კომპანია „დისნეის“ ტერიტორიაზე გაგრძელდეს
უკვე ექვს კვირაზე მეტია, რაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) სეზონი გაურკვეველი დროით არის შეჩერებული. კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო სპორტი პარალიზებული გახადა. ამერიკის შეერთებული შტატები კი პანდემიის ეპიცენტრად არის ქცეული. მიუხედავად ამისა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სპორტის კომისრებს დაბრუნების გეგმაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა და სპორტის მალე დაბრუნება ისურვა.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა ადამ სილვერმა არაერთხელ განაცხადა, რომ ლიგა არ დაბრუნდება, სანამ პანდემიის ტემპი არ იკლებს და უსაფრთხოების ნორმები შესაბამისობაში არ მოვა. თუმცა, პარალელურად, ხელმძღვანელობა სეზონის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ ერთ-ერთი ასეთი ადგილი ორლანდოს „დისნეის სამყაროს“ ტერიტორიაა (Disney World Resort).
წყაროს ცნობით, საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ლიგის ხელმძღვანელობასა და „დისნეის“ პრეზიდენტ ბოგ იგერს შორის. სავარაუდო ლოკაციად ასევე განიხილება ლას ვეგასი.