შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონი კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს - „ნაპოლი“ არგენტინის ნაკრების შემტევით დაინტერესდა #1TVSPORT
შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონი კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს - „ნაპოლი“ არგენტინის ნაკრების შემტევით დაინტერესდა #1TVSPORT

ახალი სეზონიდან, შესაძლოა, „ნაპოლი“ მეიჯორ ლიგის „ატლანტის“ არგენტინელმა შემტევმა ნახევარმცველმა, ტიაგო ალმადამ გააძლიეროს, – ინფორმაცია ფეხბურთელის მენეჯერმა, ანდრეა დამიკომ რადიო Goal-თან საუბრისას დაადასტურა.

„ვიცი, რომ „ნაპოლის“ და კრისტიანო ჯუნტოლის ძალიან მოსწონთ ალმადა. ის უდავოდ დიდი მომავლის მქონე ფეხბურთელია, რომელთანაც მარადონაც სიამოვნებით ითამაშებდა“, – განაცხადა ანდრეა დამიკომ რადიო Goal-ის ეთერში. ალმადას ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.

ბოლო თვეებში ალმადას საბაზრო ღირებულება ვებგვერდმა Transfermarkt-მა 20 მილიონ ევრომდე გაზარდა. ფასმა შეიძლება კიდევ მოიმატოს იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთელის შეძენით რამდენიმე წამყვანი კლუბი დაინტერესდა.

„სხვა კლუბების დაინტერესების მიუხედავად, „ნაპოლის“ შეუძლია, ყველას დაასწროს, როგორც ეს კვარაცხელიას შემთხვევაში გააკეთა. არ არის გამორიცხული, არგენტინელი მსოფლიო ჩემპიონი „ნაპოლიში“ უახლოეს პერიოდში ჩაირიცხოს“, – ამტკიცებს ანდრეა დამიკო.

ტიაგო ალმადა 22 წლის 26 აპრილს გახდება, არგენტინელი ფეხბურთელი „ატლანტისა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, ის 2022 წელს ყატარში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ალმადას შეტევის ორივე ფლანგსა და მოედნის ცენტრში შეუძლია თამაში.