თბილისის „ლოკომოტივი“, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ დატოვა, შესაძლოა, სოსო ფრუიძემ ჩაიბაროს.
საქართველოს პირველი არხის ცნობით, „ლოკომოტივი“ მთავარი მწვრთნელის თაობაზე სიახლეებს უახლოეს დრეებში გააკეთებს – შესაძლოა, ორშაბათსაც.
დავაზუსტეთ, რომ გუნდში მთავარი მწვრთნელი რამდენიმე ვარიანტს განიხილავდნენ, ერთ-ერთი ყველაზე რეალური კი სოსო ფრუიძეა – 62 წლის სპეციალისტი, რომელსაც უმუშავია „სამტრედიაში“, წყალტუბოს „სამგურალში“, ზესტაფონის „მარგვეთში“, ქუთაისის „ტორპედოში“, „ბორჯომში“, ხოლო 2008-2020 წლებში „ჩიხურას“ ავარჯიშებდა.
საჩხერელებმა ისტორიაში საუკეთესო შედეგს სწორედ ფრუიძის ხელმძღვანელობით მიაღწია – „ჩიხურა” 2013 წელს გახდა სუპერთასის მფლობელი, ხოლო 2017 წელს – დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასს დაეპატრონა, სულ კი გუნდი ევროპის ლიგაზე 6-ჯერ გაიყვანა.