კევინ დურანტი „გოლდენ სტეიტს“ დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის შემდეგ ვერ ეხმარება.
„უორიორზის“ ერთ-ერთმა ლიდერმა წვივის ტრავმა „ჰიუსტონთან“ მატჩში მიიღო და მას შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადის. მის გარეშე მოქმედმა ჩემპიონმა ჯერ „ჰიუსტონი“ დაამარცხა, შემდეგ კი კონფერენციის ფინალი ე.წ. „მშრალი ანგარიშით“ მოუგო „პორტლენდს“. თუმცა სუპერფინალურ სერიაში სტივ კერის გუნდი უმძიმეს მდგომარეობაშია. „უორიორზი“ ანგარიშით 3:1 აგებს და მარცხის უფლება აღარ აქვს.
მომდევნო, რიგით მეხუთე შეხვედრა ამ ორ გუნდს შორის ხვალ შედგება. გავრცელებული ინფორმაციით, დურანტმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და დიდი ალბათობით „უორიორზს წარმატების მიღწევაში დაეხმარება.