შესაძლოა, იტალიაში კიდევ ერთი ქართველი გადავიდეს - „სპეცია“ ოგბაიძის ტრანსფერზე მუშაობს #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი შალვა ოგბაიძე, შესაძლოა, იტალიის სერია B-ს „სპეციაში“ გადავიდეს – ინფორმაციას გამოცემა Ilovepalermocalcio ავრცელებს.
„„სპეცია“ აქტიურად ცდილობს გაძლიერებას, რათა ახალი სეზონი კარგად ჩაატაროს. კლუბი 22 წლის შალვა ოგბაიძით დაინტერესდა, რომელიც ამჟამად ჰოლანდიის მეორე დივიზიონის „დენ ბოშში“ თამაშობს. ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ ნახევარმცველს ხშირად იწვევენ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში.
ეს ტრანსფერი ლიგურიული კლუბის სტრატეგიის ნაწილი იქნება, ინვესტირება მოახდინოს ახალგაზრდა ტალანტებში, რომლებიც გუნდს გრძელვადიან პერსპექტივაში გააძლიერებენ.
ოგბაიძის მიმართ „სპეციის“ ინტერესი ადასტურებს კლუბის სურვილს, შექმნას კონკურენტუნარიანი გუნდი, რომელიც სერია A-ში გადასასვლელად იბრძოლებს. ახალგაზრდა ფეხბურთელს შეუძლია, ნახევარდაცვაში გუნდის თამაშს სიახლე შემატოს. „სპეციის“ ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ გარიგებას დადებითად დაასრულებს და ოგბაიძეს ჩემპიონატის დაწყებამდე დაიმატებს.
თუმცა ჯერ კიდევ გასარკვევია, მზადაა თუ არა „ბენ ბოში“, გაუშვას თავისი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელი და შეძლებს თუ არა „სპეცია“, დააკმაყოფილოს ნიდერლანდელების ფინანსური მოთხოვნები. იტალიელები მოუთმენლად ელიან მოვლენების განვითარებას და იმედოვნებენ, რომ ოგბაიძის ტრანსფერი შეიძლება წარმატებული სეზონის საწინდარი გახდეს“, – წერს გამოცემა.