შესაძლოა, ჩაკვეტაძის „რომაში“ გადასვლა გამოირიცხოს - იტალიელებმა მხითარიანს დარჩენა შესთავაზეს
იტალიური გამოცემა „ტემპოს“ ცნობით, „რომამ“ საკადრო გეგმები შეიცვალა და მოულოდნელად ჰენრიხ მხითარიანს დარჩენა შესთავაზა – ეს იმას ნიშნავს, რომ იტალიურ გრანდში გიორგი ჩაკვეტაძე აღარ გადავა.
„ბოლო ცნობით, „რომას“ სურს, რომ „არსენალის“ ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი შეინარჩუნოს. იტალიურმა კლუბმა სომხეთის ნაკრების ფეხბურთელს მოულოდნელი შეთავაზება გაუკეთა და სურს, რომ 31 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივოს. მხითარიანს „არსენალთან“ კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ უმთავრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი იჯარის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი იქნება. ასეთ შემთხვევაში, ბრიტანელები მოგებას ვერ ნახავენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ერთწლიან იჯარაზე იტალიელებთან შეთანხმებამდე, „არსენალს“ მხითარიანთან კონტრაქტის 2022 წლამდე გახანგრძლივება მოუწევს ან იტალიელები იჯარასთან ერთად დამატებით თანხას გადაიხდიან. ცნობილია, რომ აქამდე „მეთოფეები“ სომეხი ფეხბურთელის ტრანსფერში 15 მილიონ ევროს ითხოვდნენ“ – ამტკიცებს „ტემპო“.
შეგახსენებთ, რომ იტალიური გამოცემა „მესაჯეროს“ (Il Messaggero) ცნობით, „სერია ა“-ს ერთ-ერთი გრანდი „რომა“ ჰენრიხ მხითარიანის შემცვლელად სამ მოთამაშეს განიხილავდა, მათ შორის, საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ შემტევ ნახევარმცველს გიორგი ჩაკვეტაძეს.