შერმადინმა მაკფადენის ბურგოსთან 21 ქულა ჩააგდო და სეზონის მე-12 გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)

გიორგი შერმადინის წინამძღოლობით „ტენერიფე იბეროსტარმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ტენერიფელებმაბურგოს ჰერედას“ უმასპინძლეს, რომლის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი ლეგიონერი თად მაკფადენია. შეხვედრა ტენერიფელთა გამარჯვებით – 84:79 დასრულდა, რითაც გაგრელდა კუნძულელთა წარმატებული სვლა ესპანეთის ჩემპიონატში, სადაც შერმადინის გუნდს უკვე 12 მოგება და მხოლოდ 1 მარცხი აქვს.

გიორგი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მან ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 29 წუთში 21 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 6 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 საჯარიმო მიიღო და მასზე მეტოქეები 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის ინდექსმა 30 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. რაც შეეხება მაკფადენს, მას თამაში არ წაუვიდა. არასრულ 23 წუთში მან 7 ქულა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბურგოსელთა შორის საუკეთესო დეჟან კრავიჩი იყო 18 ქულითა და 11 მოხსნით.

13 მატჩიდან 12 გამარჯვებით „ტენერიფე“ მე-2 ადგილზეა. შემდეგ ტურში, 20 დეკემბერს, შერმადინის გუნდი სტუმრად „ბასკონიას“ შეხვდება.