შერმადინმა ჩემპიონთა ლიგაზე მაკფადენი დაამარცხა - საქართველოს ნაკრების ორივე კალათბურთელი ლიგის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი შერმადინისა და საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულის, თად მაკფადენის გუნდები ერთ ჯგუფში იყვნენ. მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გიორგის „ტენერიფემ“ თადის „ბურგოსს“ უმასპინძლა და შანსი არ დაუტოვა – 89:60.
წარმატებაში შერმადინის წვლილი 14 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა იყო. მან 8-დან 6 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ეს ყველაფერი კი 20 წუთში მოასწრო. გიორგის 14 ქულა „ტენერიფეს“ ბომბარდირობისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.
თად მაკფადენმა 12 წუთში 2 ქულა და 1 პასი მოაგროვა.
შეგახსენებთ, რომ მარტში ესპანეთის საუკეთესო კალათბურთელის ჯილდო სწორედ შერმადინმა და მაკფადენმა გაიყვეს.
ამ მატჩით გუნდებმა მეორე ჯგუფური ეტაპი დაასრულეს და პლეი ოფში (მეოთხედფინალში) ითამაშებენ. „ტენერიფემ“ 6-დან 5 მატჩი მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო „ბურგოსი“ 4 მოგებით – მეორეზე გავიდა.