შერმადინმა ბელგიური „ოოსტენდე“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია (ვიდეო)
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ბელგიური „ოოსტენდე“ 62:54 დაამარცხა, სერია 2:1 მოიგო და 1/4 ფინალში გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ეს მატჩი მარტში უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. მანამდე გუნდებმა თითო მოგება გაცვალეს – ტენერიფეში ესპანელებმა გაიმარჯვეს, ოოსტენდეში – ბელგიელებმა.
მესამე, გადამწყვეტ მატჩში გიორგი შერმადინმა 23 წუთში 9 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. მისი მოედანზე ყოფნისას გუნდი +18-ით დაწინაურდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც თამაშის ბედი წყდებოდა, გიორგი შერმადინმა პასით ორი პარტნიორი გაიყვანა სამქულიანზე, შემდეგ თავად ჩააგდო ორიანი და 8:0 გაქცევით „ტენერიფე“ 57:43 დააწინაურა.
მომდევნო ეტაპზე „ტენერიფე“ „სარაგოსას“ შეხვდება. შეხვედრა 30 სექტემბერს გაიმართება.