შერმადინის „ტენერიფემ“ ვიტორიაში გაიმარჯვა და ესპანეთის ჩემპიონატს ლიდერობს [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში მესამე მატჩი გამართა გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“. კუნძულელები თორნიკე შენგელიას ყოფილ გუნდ „ბასკონიას“ ესტუმრნენ და 85:79 დაამარცხეს.
მეოთხე პერიოდის წინ ბასკები 64:61-ს იგებდნენ, თუმცა ბოლო ათწუთეულში „ტენერიფემ“ 26:15 იმარჯვა და სეზონის მესამე მოგება მოიპოვა. ამ მაჩვენებლის გათვალისწინებით კანარელები სატურნირო ცხრილის სათავეში არიან – პირველობას იყოფენ „რეალთან“ და „ბილბაოსთან“.
ბასკეთის ქალაქ ვიტორიაში გიორგი შერმადინმა 15 წუთში 8 ქულა და თითო მოხსნა-პასი ჩაიწერა. 19 ქულით მატჩის ბომბარდირი მისი თანაგუნდელი ხაიმე ფერნანდესი გახდა.
„ტენერიფე“ მომდევნო მატჩს ესპანეთის ჩემპიონატში 15 ოქტომბერს „ობრადარიოს“ წინააღმდეგ გამართავს.