საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე სტარტი აიღო პლეიოფებმა. გიორგი შერმადინის „იიბეროსტარ ტენერიფემ“ მერვედფინალში ბელგიურ „ოსტენდეს“ უმასპინძლა და მეტოქეს 10 ქულის სხვაობით, ანგარიშით 85:75 სძლია.
შერმადინმა მოედანზე 24 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 25 ქულა, 5 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 გადაცემა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 13-დან 9 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. გიოს მარგი ქმედების ინდექსმა 28 ერთეული შეადგინა. შერმადინზე მეტი მხოლოდ მარსელინიო უერტას ჰქონდა – 29. ბრაზილიელმა შეხვედრა 19 ქულითა და 10 გადაცემით დაასრულა.
მერვედფინალური ეტაპი ორ მოგებამდეა. მომდევნო შეხვედრა 10 მარტს ბელგიაში შედგება. თუ საჭირო გახდა, მესამე მატჩი ტენერიფეში გაიმართება.