შერმადინის გამორჩეული მატჩი „ლიგა ენდეზაში“ - „უნიკახამ“ „გრან კანარია“ დაამარცხა
შერმადინის გამორჩეული მატჩი „ლიგა ენდეზაში“ - „უნიკახამ“ „გრან კანარია“ დაამარცხა

ბოლო პერიოდში წარმატებულ თამაშს განაგრძობს მალაგას „უნიკახა“, „ევროლიგის“ მსგავსად.

მალაგელებმა დღეს „ლიგა ენდეზას“ გათამაშებაშიც წარმატებას მიაღწიეს, რაშიც გიორგი შერმადინის დიდი წვლილია.

ჟაოან პლაზას გუნდმა რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ შეხვედრაში საკუთარ დარბაზში „გრან კანარია“ 94-87 დაამარცხა. მალაგელთა შემადგენლობაში საუკეთესო საქართველოს ნაკრების ცენტრი იყო. შერმადინმა, 26 წუთში 23 ქულა და ხუთი მოხსნა გაიფორმა. მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 26 ჰქონდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ შერმადინმა ძალიან მაღალი პროცენტით ესროლა. 29 წლის ქართველმა კალათბურთელმა ცხრიდან შვიდი ორქულიანი და ცხრავე საჯარიმო ტყორცნა ზუსტად გამოიყენა.

უნიკახა“ მთელი შეხვედრის განმავლობაში დამაჯერებლად ლიდერობდა. ბოლო წუთებზე სტუმრებმა ოდნავ დაძაბეს თამაში, თუმცა მალაგურმა კლუბმა მაინც შეინარჩუნა ჰანდიკაპი და შიდა პირველობაზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება გაიფორმა.

უნიკახას“, თორნიკე შენგელიას „ბასკონიას“ მსგავსად, 10 მოგება და შვიდი მარცხი აქვს და სწორედ ეს ორი გუნდი ინაწილებს მეექვსე-მეშვიდე ადგილებს „ლიგა ენდეზაში“.