გიორგი შერმადინი კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს. ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურის მატჩში შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“ „მურსიას“ უმასპინძლა და ქართველი ცენტრის ბრწყინვალე თამაშის დამსახურებით 85-78 მოიგო.
შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტის ინდექსმა 38 შეადგინა, რაც მისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. დიდი ალბათობით, შერმადინი მე-11 ტურის ყველაზე ღირებული კალათბურთელის (MVP) ტიტულს მიიღებს.
ქართველმა ცენტრმა მატჩი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში დაიწყო. მოედანზე გატარებულ 30:16 წუთში შერმადინმა 25 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მან 9-დან 8 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო.
6 მოგებითა და 5 წაგებით „ტენერიფე“ სატურნირო ცხრილში 6-8 ადგილებს ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიასა” და შერმადინის ყოფილ კლუბ „ანდორასთან“ იყოფს.