ესპანეთის ჩემპიონატში მესამე ტურის მატჩი გამართა გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“. ამჯერად მისი მოწინააღმდეგე მადრიდის “რეალი” იყო.
დედაქალაქელებთან საშინაო შეხვედრა „ტენერიფემ“ სტაბილურად წარმართა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, თუმცა ბოლო წამებზე სერხიო ლულის სიზუსტემ მოგება სტუმრებს მოუტანა.
საფინალო სირენამდე 22 წამით ადრე სხვაობა მხოლოდ ორი ქულა იყო (71:73), სწორედ ამ დროს ჩააგდო ლულმა შორეული სამქულიანი, „რეალი“ 76:71 დააწინაურა და მატჩი ასეც დასრულდა.
ლულმა 19 ქულა ჩაიწერა, თუმცა სარგებლიანობის კოეფიციენტით მას ერთი ათეულით აღემატებოდა გიორგი შერმადინი, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 26-ს უწია.
გიორგიმ 30 წუთში 20 ქულა, შვიდი მოხსნა და ორი გადაცემა მიითვალა. მან 12-დან ცხრა ორქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. მარგი ქმედების კოეფიციენტი კი, 26 ჰქონდა.
სამი ტურის შემდეგ „ტენერიფეს“ მოგება და ორი წაგება აქვს.