შერმადინის 19 ქულა, 8 მოხსნა და MVP-ის ტიტული „მონბუსთან“ მოგებულ შეხვედრაში
ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარმა“ მონბუს „ობრადორიოს“ ტენერიფეში უმასპინძლა და 90:78 სძლია. მესამე პერიოდის ბოლოს ანგარიში თანაბარი იყო და ის 12-ქულიანი უპირატესობა, რითაც ტენერიფელებმა საბოლოოდ გაიმარჯვეს, „იბეროსტარმა“ ბოლო ათწუთეულში მოიპოვა.
ქართველი ლეგიონერი მატჩის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე (MVP) გახდა. შერმადინმა მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. სასტარტო ხუთეულში მყოფმა ქართველმა მოედანზე 25:47 წუთი გაატარა და 19 ქულა, 8 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 10-დან 8 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. პასივში შერმადინს 5 დაკარგვა ჰქონდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მატჩში უმეტესი სარგებლიანობის ინდექსი – 23 გაეფორმებინა და MVP-ის ტიტულს დაპატრონებოდა. ქართველ ცენტრს მხარი აუბეს საშუ სალინმა (13 ქულა) და მარსელინიო ჰუერტასმა (14).
4 მატჩიდან 2 მოგებით ტენერიფე მე-8 ადგილზე იმყოფება და შემდეგ ტურში, 20 ოქტომბერს, სტუმრად მანრესას შეხვდება.