ესპანეთის „ლიგა ენდესაში“ მე-15 ტურის მატჩები გაიმართა. ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა „ვალენსიასა“ და გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფეს“ შორის გაიმართა.
საკმაოდ მოულოდნელი იყო ის ფაქტი, რომ ქართველ ცენტრს, რომელიც წელს კარიერის ერთერთ საუკეთესო სეზონს ატარებს თამაში ძირითად შემადგენლობაში არ დაუწყია. საბოლოოდ შეხვედრა „ვალენსიას“ გამარჯვებით 98-91 დასრულდა.
მიუხედავად იმისა, რომ შერმადინი ძირითად ხუთეულში არ იყო, მოედანზე მაინც საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
პარკეტზე გატარებულ 25:59 წუთში შერმადინმა 17 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 13- დან 7 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 8-ჯერ დაჯარიმდნენ.
ტენერიფელებს 9 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო მატჩს კი 5 იანვარს, შინ, „ფუენლაბრადასთან“ ჩაატარებენ.