შერმადინის 17 ქულა ჩემპიონთა ლიგაზე - „ტენერიფემ“ ბოსნიაში გაიმარჯვა [ვიდეო]
23:44, 03.03.2021
გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე პირველი მატჩი გამართა. ესპანელები ბოსნიას ესტუმრნენ და „იგოკეა“ ოცქულიანი სხვაობით დაამარცხეს – 82:62.
216 სმ სიმაღლის ქართველმა ცენტრმა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა: 25 წუთი, 17 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა. მან 11-დან 7 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. სარგებლიანობის კოეფიციენტი – 26.
შერმადინზე ორი ქულით მეტი ჰქონდა და 19 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა მისი ფინელი თანაგუნდელი სასუ სალინი. თუმცა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მაინც შერმადინს ერგო.
ამავე ტურში კიდევ ერთი მატჩი შედგა – თად მაკფადენის „ბურგოსმა“ შინ „ვეფ რიგა“ 76:75 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების უკანახაზელის, მაკფადენის მონაგარი ასეთი იყო: 23 წუთი, 6 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი.
მეორე ტურში, 9 მარტს სწორედ შერმადინისა და მაკფადენის გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შეხვედრა ბურგოსში გაიმართება.