შერმადინის მე-100 შეხვედრა „ლიგა ენდეზაში“ და „უნიკახას“ გამარჯვება მოქმედ ჩემპიონთან
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, გიორგი შერმადინმა ევროპის ყველაზე ძლიერ საკალათბურთო ჩემპიონატში, მე-100 მატჩი ჩაატარა.
ესპანურ „ლიგა ენდეზაში“ მე-14-ე ტურის შეხვედრაში, „უნიკახამ“ საკუთარ მოედანზე მოქმედი ჩემპიონი, „ვალენსია“ მიიღო და ანგარიშით 74-67 დაამარცხა. თავისი საიუბილეო შეხვედრა, შერმადინმა 9 ქულით აღნიშნა. ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. გიორგიმ 4-დან 4 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. 9 ქულას 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემაც მიამატა. მალაგელებს ნემანია ნედოვიჩმა ულიდერა. სერბმა უკანახაზელმა, 14 ქულა მიითვალა აქტივში.
14 ტურის შემდეგ, „უნიკახას“ მოგება-წაგების თანაბარი მაჩვენებელი აქვს და ამ ეტაპზე, სატურნირო ცხრილში, საპლეიოფო მე-8 ადგილზე იმყოფება.
ჟოან პლაზას გუნდი მორიგ შეხვედრას საკუთარ მოედანზე „ობრადოიროს“ წინააღმდეგ 6 იანვარს ჩაატარებს.