შერმადინი ვერც „სარაგოსამ“ შეაჩერა - ქართველმა კალათბურთელმა ყოფილ გუნდს 22 ქულა ჩაუგდო [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი შერმადინი 2013 წელს ვიქტორ სანიკიძესთან ერთად არაგონული „სარაგოსას“ ღირსებას იცავდა. „ტენერიფესთან“ ერთად სარაგოსაში ჩასული ქართველი ცენტრისთვის დარბაზი უცხო არ იყო და მატჩის საუკეთესო კალთბურთელიც გახდა. მისი კარგი გარჯა „ტენერიფეს“ გამარჯვების საწინდარი გახდა – 77:62.
თანაბარი პირველი ტაიმის ბოლოს კუნძულელებმა მცირე უპირატესობა მოიპოვეს, მეორე ტაიმის დასაწყისში +12 ქულით დაწინაურდნენ და გამარჯვების შანსი ხელიდან აღარ გაუშვიათ.
20 ქულა მოაგროვა „ტენერიფეს“ ბრაზილიელმა გამთამაშებელმა მარსელინიო უერტასმა, რომელიც ქულებს უმეტესად შერმადინის ბლოკების დახმარებით „იხვეჭდა“.
გიო შერმადინის მონაგარი ასეთი იყო: 26 წუთი, 22 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი. მან 9 ორქულიანიდან და 6 საჯარიმოდან ერთადერთი ორიანი ააცილა. მარგი ქმედების კოეფიციენტის (+36) მიხედვით მატჩის საუკეთესო კალათბურთელი იყო. ამ მაჩვენებლით გიომ ტურის საუკეთესობაზეც გააკეთა თამამი განაცხადი.
„ტენერიფეს“ 13 მოგება, 8 წაგება აქვს და ესპანეთის ჩემპიონატში მე-5 პოზიციაზეა. შერმადინის გუნდი უახლოეს მატჩს 15 მარტს ჩემპიონთა ლიგაზე ლიეტუვის „რიტასის“ წინააღმდეგ გამართავს.