ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ სტუმრად „ბილბაოსთან“ ითამაშა. ბასკებს ურიგო გუნდი რომ არ ჰყავთ, პირველ ტურში ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიასთან“ მატჩშიც დაამტკიცეს, თუმცა დასღეისოდ „ტენერიფე“ უკეთესია და სტუმრად „ბილბაო“ 81:70 დაამარცხა.
მწვრთნელმა ხესუს ვიდორეტამ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო – გიორგი შერმადინი სათადარიგოთა სკამზე დასვა. ეს ნაბიჯი მოულოდნელი მხოლოდ მათთვის იქნებოდა, ვისაც გასულ სეზონში შერმადინისა და მარსელინიო უერტასის ურთიერთქმედება არ უნახავს. ისინი ერთმანეთს იდეალურად უგებენ.
ამ სეზონში მწვრთნელი მარსელინიოს სათადარიგოთა სკამიდან ათამაშებს. ადრე თუ გვიან ან ის უნდა დაებრუნებინა ძირითადში, ან შერმადინი გადაეყვანა სათადარიგოებში. ვიდორეტრამ მეორე ვარიანტი არჩია. მოედანზე გიორგი მაშინ შეიყვანა, როდესაც მისი გუნდი 22:17-ს იგებდა. ხოლო როდესაც შერმადინს დასვენების დრო მოუვიდა, „ტენერიფე“ 13 ქულით იყო წინ – 38:25.
მეორე ტაიმში სტუმრებმა უპირატესობის შენარჩუნება მოახერხეს და სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვეს.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელად გიორგი შერმადინი დასახელდა, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 20-ს მიაღწია. ქართველი ცენტრის სრული სტატისტიკა ასეთი იყო: 25 წუთი, 19 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი. მან 10-10 ორქულიანი და საჯარიმო სტყორცნა, 5 ორიანი და 9 ერთქულიანი ჩააგდო.
მარსელინიო უერტასმა 6 ქულა და 9 პასი მიითვალა. პასების უმეტესობა შერმადინის მისამართით შესრულდა. ერთი ასეთი ზურგსუკნიდან გადაცემის შემდეგ გიომ იმდენად ეფექტურად ჩატენა, მატჩის საუკეთესო მომენტად აღიარეს.
„ტენერიფე“ მომდევნო მატჩს 26 სექტემბერს „მურსიასთან“ სტუმრად გამართავს.