შერმადინი კვლავ საუკეთესოა - 20 ქულა და შვიდი მოხსნა „გაზიანთეფთან“ მოგებულ მატჩში (ვიდეო)
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“. ესპანურმა გუნდმა სტუმრად „გაზიანთეფი“ 88-65 დაამარცხა. ქართველი ცენტრი კი კვლავ შეხვედრის ყველაზე ღირებული მოთამაშე (MVP) გახდა.
„ტენერიფე“ მთელი თამაშის განმავლობაში დამაჯერებლად ლიდერობდა, აქედან გამომდინარე ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა შერმადინი საკმარისად დაასვენა. გიორგიმ მოედანზე 21 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 20 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. ქართველი ცენტრის მარგი ქმედების ინდექსმა 27 ერთეული შეადგინა.
„იბეროსტარ ტენერიფეს“ 10 მოგება და 2 წაგება აქვს და თავის ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებს მაიკლ დიქსონის „ნიმბურკთან“ ინაწილებს. მომდევნო მატჩს შერმადინის გუნდი 28 იანვარს შინ, ლატვიურ „ვეფ რიგასთან“ გამართავს.