შერმადინი ფენომენალურ თამაშს განაგრძობს - 22 ქულა „მორნართან“ მოგებულ მატჩში
გიორგი შერმადინი კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს. ქართველმა ცენტრმა მორიგ მატჩში გაიბრწყინა. შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში მონტენეგროს „მორნარს“ საკუთარ არენაზე შეხვდა და დიდი ანაგრიშით, 91:61 სძლია.
გიორგი შერმადინმა მოედანზე სულ 18:20 წუთი გაატარა, თუმცა ამ დროის განმავლობაში ყველაზე ღირებული მოთამაშის ტიტულის მიღება მაინც მოახერხა. გიომ 22 ქულასთან ერთად 8 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 12-დან 9 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 31 შეადგინა.
„იბეროსტარ ტენერიფეს“ ჩემპიონთა ლიგაზე 8 მოგება და 1 მარცხი აქვს და თავის ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ ესპანელებს 9 ტურის შემდეგ მთელ ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო შედეგი აქვთ დაფიქსირებული. მომდევნო მატჩს შერმადინის გუნდი 2020 წლის 8 იანვარს, ილიას ზუროსის ყოფილ გუნდ „პერისტერისთან“, ათენში გამართავს.