ხვალ, 10 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედო“ მოლდოვის ჩემპიონ ტირასპოლის „შერიფს“ შეხვდება.
შეხვედრამდე „შერიფის“ მთავარმა მწვრთნელმა, გორან საბრიჩმა და კაპიტანმა მატეო სუსიჩმა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართეს და მომავალ შეხვედრასა და მეტოქეზე ისაუბრეს.
„შევისწავლეთ მეტოქე. „ტორპედო“ ძლიერი გუნდია, რომელსაც ბურთის კონტროლი უყვარს. ვფიქრობ, ამ შეხვედრისთვის სათანადოდ მოვემზადეთ და ხვალ თავს კარგად წარმოვაჩენთ. პირველ მატჩში შანსებს თანაბრად შევაფასებდი. წინა წელს ევროპალიგის ჯგუფური ეტაპი ვითამაშეთ, ახლა კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზეც ვითამაშოთ. აღსანიშნავია, რომ ქუთაისში ძალიან ცხელა, თუმცა მიუხედავად ამისა, ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ. ყველაფერი ორი მატჩის ჯამში გადაწყდება და დიდი იმედი მაქვს, ხვალ გოლის გატანას შევძლებთ“, – აღნიშნა გორან საბრიჩმა.
მატეო სუსიჩის თქმით, ქუთაისში ცხელა, მაგრამ გუნდი ყველაფრისთვის მზად არის.
„მიზანი, როგორც მთავარმა მწვრთნელმა თქვა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრაა, შესაბამისად, „ტორპედოსთან“ შეხვედრას სრული სერიოზულობით ვეკიდებით. ვეცდებით, გოლი გავიტანოთ, რაც მეორე მატჩში დასახული ამოცანის მიღწევაში დაგვეხმარება“, – დასძინა მატეო სუსიჩმა.