შენგელიას 20 ქულა „რეალის“ დასამარცხებლად საკმარისი არ გამოდგა (ვიდეო)
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მეშვიდე ტურის მატჩები შედგა. ცენტრალური შეხვერა „ბასკონიასა“ და „რეალს“ შორის ჩატარდა და მადრიდელებმა გამარჯვების მოპოვება დრამატულ ბრძოლაში შეძლეს – 89:91.
თორნიკე შენგელია საკუთარი გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო. პირველი ორი პერიოდის წაგების შემდეგ, ბასკონიელებმა მესამე მეოთხედი 36-18 მოიგეს და დასკვნითი ათწუთიანი მონაკვეთის დაწყებამდე ლიდერობდნენ კიდეც, თუმცა შეხვედრის მიწურულს უკეთ „რეალი“ გამოიყურებოდა.
გაბრიელ დეკმა საფინალო სირენასთან ერთად მადრიდელებს გამარჯვება მოუტანა. საქართველოს ნაკრების ლიდერი „ბასკონიას“ სასტარტო ხუთეულში იყო. პარკეტზე მან 32:32 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 20 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. შედეგად, თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთაგან მხოლოდ მეტ ჯენინგს (23) და ლუკა ვილდოზას (20) ჩამორჩა. ბასკონიას 3 მოგება და 4 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 10 ნოემბერს, სტუმრად, ობრადოიროსთან გამართავს.