თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაშის მიუხედავად, ესპანური „ბასკონია“ არადამაჯერებელ თამაშს კვლავ განაგრძობს. ვიტორიულმა კლუბმა საკუთარ არენაზე თურქულ „ეფესს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა (77-102).
თორნიკე შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მასპინძელთა რიგებშიც საუკეთესო იყო. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 35:44 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 20 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 8-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა და ეს, ბასკონიელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. ესპანური გუნდის მხრიდან 16-16 ქულა მიითვალეს ნიკ სტაუსკასმა და შევონ შილდსი, „ანადოლუ ეფესის“ რიგებში კი კვლავაც შეუდარებელი იყო „ბასკონიას“ ყოფილი წევრი შეინ ლარკინი, რომელმაც 24 ქულა და 8 პასი დააგროვა.
„ბასკონიას” 5 მოგება და 7 წაგება აქვს და ევროლიგის სატურნირო ცხრილში მეცხრე-მეცამეტე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო მატჩს კი 12 დეკემბერს, ბელგრადში „ცრვენა ზვეზდასთან“ ჩაატარებს.