საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ლიდერი და ესპანური „ბასკონიას“ კაპიტანი თორნიკე შენგელია კარიერის ერთერთ საუკეთესო სეზონს ატარებს.
ესპანეთის „ლიგა ენდესაზე“ ვიტორიული გუნდი „ობრადორიოს“ საკუთარ არენაზე შეხვდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა (83-69). შენგელია კი შესაძლოა 21-ე ტურის ყველაზე ღირებული მოთამაშე გახდეს.
ქართველმა მძიმე ფორვარდმა მოედანზე 34:46 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 19 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 6-ვე ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა. შენგელიას სარგებლიანობის ინდექსმა 33 ერთეული შეადგინა და ეს, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
„ბასკონიას“ ესპანეთის ჩემპიონატზე 10 მოგება და 11 მარცხი აქვს და ჯერჯერობით მე-10 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას შენგელიას გუნდი 29 თებერვალს, სტუმრად, „ფუენლაბრადასთან“ ჩაატარებს.