შენგელიას 11 ქულა და „ბასკონიას“ პრინციპული გამარჯვება მიუნხენში (ვიდეო)
საკალათბურთო ევროლიგაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“. ვიტორიული გუნდი, რომელიც პლეი ოფის საგზურისთვის იბრძვის 27-ე ტურში სტუმრად „ბაიერნს“ დაუპირისპირდა და 9 ქულის სხვაობით 71-80 დაამარცხა.
თორნიკე შენგელია ვიტორიულ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. „ბასკონიას“ ქართველმა კაპიტანმა მოედანზე 27:31 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 11 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. თორნიკეს სარგებლიანობის ინდექსმა 18 შეადგინა, რაც ბასკონიელთაგან საუკეთესო შედეგი იყო. ქულათა რაოდენობით ქართველ ფორვარდზე მეტი მხოლოდ ზორან დრაგიჩმა მიითვალა (13 ქულა).
მოპოვებული გამარჯვების შემდეგ „ბასკონიას“ 11 მოგება და 16 მარცხი აქვს და 18 გუნდიან სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით მე-13 ადგილზეა. ესპანური გუნდი საპლეიოფო ზონას ერთი მოგებით ჩამორჩება. მე-8 ადგილზე „ჟალგირისი” იმყოფება, რომელსაც 12 მოგება და 15 მარცხი აქვს. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი 7 მარტს, საკუთარ არენაზე „ალბასთან“ გამართავს.