ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურ სერიაში მესამე მატჩი გაიმართა. მადრიდში მოგებების გაცვლის შემდეგ, „ბასკონიამ“ შინ მიიღო „რეალი“.
შეხვედრა დაძაბული გამოვიდა. ორმეოთხედნახევარი თითქმის სულ წინ „ბასკონია“ იყო („რეალი“ მხოლოდ სამჯერ დაწინაურდა). მესამე მეოთხედის შუაში „რეალმა“ ლიდერობა მოიპოვა და მეოთხე 10-წუთეულის სტარტისთვის ორი ქულით იყო წინ.
მასპინძლებმა მალე დაიბრუნეს ლიდერობა და შვიდი ქულითაც მოახერხეს წინ გასვლა. „ბასკონია“ მოგებას უახლოვდებოდა, მაგრამ მატჩის ბოლო ნაწილი ჩააგდო – 76:74-ზე თორნიკე შენგელიას გუნდს 2:9 გაქცევა გამოეპარა და საბოლოოდ 78:83 წააგო.
შენგელიამ 22 წუთსა და 12 წამში 10 ქულა და შვიდი მოხსნა დააგროვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი „რეალის“ ლიდერი ლუკა დონჩიჩი გახდა, რომელმაც 20 ქულა და ცხრა მოხსნა მიითვალა.
„რეალი“ სერიაში დაწინაურდა – 2:1 და ერთი მოგება სჭირდება ჩემპიონობისთვის. მეოთხე მატჩი კვლავ „ბასკონიას“ მოედანზე 19 ივნისს გაიმართება.