ლევან შენგელიამ თურქეთის სუპერლიგის მე-20 ტურში მორიგი გოლი გაიტანა, მაგრამ მისი გუნდი „ქონიასპორი“ გასვლაზე ვიცე-ჩემპიონ „ტრაბზონსპორთან“ მაინც დამარცხდა – 1:3.
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სათადარიგოთა სკამზე იყო, მოედანზე კი მხოლოდ 86-ე წუთზე შეუშვეს, როდესაც „ტრაბზონი“ უკვე 3:0-ს იგებდა. მაგრამ ზუსტად ორ წუთში მშვენიერი გოლის ავტორი გახდა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ქონიასპორი“ 20 ტურის შემდეგ 22 ქულით მე-14 ადგილზე დაქვეითდა. ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 17 მატჩში ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. საინტერესოა, რომ შენგელია „ტრაბზონსპორთან“ თავი გასული სეზონის ბოლოსწინა ტურის მატჩშიც გამოიჩინა, რომელიც „ქონიასპორმა“ გასვლაზე 3:4 მოიგო და ამით სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა. იმ მატჩში შენგელიამ გოლი გაიტანა, პენალტი მოიპოვა, საგოლე პასი შეასრულა და მატჩის გმირი გახდა.