წლეულს „მწვანეები“ აუტსაიდერები არიან, პლეი ოფში გასვლა ვერ მოახერხეს, რეგულარული კი ბოლოდან მესამე (მე-16) ადგილზე დაასრულეს. მათ მოსკოვში იბრძოლეს, გამარჯვების შანსსაც ინარჩუნებდნენ, თუმცა ცსკა-ს დონის გუნდები განსაკუთრებით კონცენტრირებულები ბოლო წუთებზე არიან. მასპინძლებმა შეხვედრა დამაჯერებლად მიიყვანეს გამარჯვებამდე.
თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, 11 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მან 6-დან 5 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მატჩის ბომბარდირი დანიის ნაკრების ლიდერი იფე ლუნდბერგი გახდა, რომელმაც ცსკა-ს 19 ქულა შეაშველა.
შენგელიას თანაგუნდელებმა რეგულარული ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულეს და ევროლიგის პლეი ოფში თურქულ „ფენერბაჰჩეს“ (რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი იგორ კოკოშკოვი წვრთნის) შეხვდებიან. სერიის პირველი მატჩი მოსკოვში 21 აპრილს გაიმართება.