შენგელიამ ევროლიგაზე „მაკაბი“ დაამარცხა - მწვრთნელმა ქართველი გამოარჩია (ვიდეო)
ევროლიგაზე თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ამ სეზონში მეორე მატჩი გამართა – თელ-ავივის „მაკაბის“ უმასპინძლა.
შეხვედრა თავიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და მხოლოდ ბოლო წუთნახევარში გაიხსნა კვანძი. სირენამდე 1.26 წუთით ადრე მაიკ ჯეიმსმა რთული სამქულიანი ჩააგდო და მოსკოველები 69:64 დააწინაურა. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა. საბოლოოდ 76:72 ცსკა-ს სასარგებლოდ.
25 ქულით მატჩის ბომბარდირი მაიკ ჯეიმსი გახდა, თორნიკე შენგელიამ კი შეხვედრა 8 ქულით, 12 მოხსნითა და 3 პასით დაასრულა. მან 31 წუთი ითამაშა.
მატჩის შემდეგ ცსკა-ს მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა ქართველ ფორვარდზე ილაპარაკა:
„გამარჯვებაში საკვანძო როლი ბევრმა კალათბურთელმა ითამაშა, თუმცა გამოვყოფ თორნიკე შენგელიას გარჯას, რომელმაც ბევრი იშრომა, დიდი მოცულობის შავი სამუშაო შეასრულა, რაც სტატისტიკაში არ ასახულა. თუმცა სტატისტიკაში მაინც დაფიქსირდა ორი მნიშვნელოვანი დეტალი – 12 მოხსნა და მაკაბელების მიერ თორნიკეზე მიღებული 7 ჯარიმა.“