შენგელია თურქეთში ტურის ფეხბურთელია - ქართველი ორ სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს
ლევან შენგელია თურქეთის სუპერლიგის მე-3 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთდროულად ორი ვერსიით დაასახელეს – საქართველოს ნაკრებისა და „ქონიასპორის“ თავდამსხმელი „ბიენ სპორტსმა“ და „სოფასქორმა“ გამოარჩიეს.
„ბიენ სპორტსი“ სპორტული არხების გლობალური ქსელია, რომელიც ტელემაუწყებლობითა და ვებპლატფორმით თურქეთის ჩემპიონატს მაღალ დონეზე აშუქებს, ხოლო „სოფასქორი“ – ფეხბურთის სტატისტიკისა და ანალიზის საერთაშორისო ვებპორტალია.
საქართველოს ნაკრებისა და „ქონიასპორის“ 24 წლის თავდამსხმელმა სტამბოლის „ბეშიქთაშთან“ მე-3 ტურის შეხვედრაში (რომელიც „ქონიასპორმა“ 4:1 მოიგო) დუბლი შეასრულა და მასპინძელთა გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ ლევან შენგელიას „სოფასქორმა“ სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრილებიდან ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერა – 10-ქულიან სისტემაში 8,5 ქულა და ტურის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარა.